Saturday, November 27, 2010

გამარჯობა ჯიმშერ ანუ ქართული ეგზორციზმის აუცილებლობა.

 
                                                    გამარჯობა ჯიმშერ ! 
სხვები შეიძლება ალტერ ეგოთი მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ  , მე  ასე მოგნათლე ,იმედია არ გეწყინება.
ძალიან კაპრიზული ხარ , მეოცნებე , ზარმაცი ....რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს.პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ ,ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები. 
ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე?
„ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ -ჰმ,შენ რა გითხარი ......
წავიკითხე და აღმოვაჩინე ,თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს  სამყარო. მატიანის ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს,თან მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი ,საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ.
 ჰმ,ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე ,“1000 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი.
ვაი შენს პატრონს, შე უბედურო....
დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა , ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?- ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ.....მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება ,არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება.....გაუცნობიერებლობას.
ტრადიციებიო,ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ,თორემ ყველაფერს დავკარგავთო.
დადუმდი რა . ტრადიცია ღირებული მაშინაა,თუ კონკურენციის არ ეშინია,სიახლეს არ გაურბის ,არამედ ექვემდებარება  ახალ დროებასთან ადაპტაციას.
ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები.სიცრუე ,რომელიც ადვილად ქარწყლდება.
მიყვარს ბახუსი ,მხოლოდ ზომიერად .
მიყვარს წარსულის ანალები ,მაგრამ წასაკითხად ,გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათზობად.
ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი....
 ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?!   

შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე ებრძოდა კიდევაც,მაგრამ ნელნელა ეს ზღაპრები მავნებელი გახდა ჯანსაღი გონებისათვის,რადგანაც იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა.
ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა.  ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა,მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა,რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო.
 სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში  ჩასახლებული პატარა კაცუნიებია .
ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე არა? ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო,რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე ყოველივე პროგრსულისადმი.
წმინდა ილია მართალიო -შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით .მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი,რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ.
ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა  რელიგიაში დაიწყო ხალხმა  შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“  ჩვენი ფილოსოფია.
 
 წადი რა... დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქმნება გამეფებული. 
კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ......
უი ჯეკ .....შენი დედაც.....
აქ რა გინდა ?
შენ  ვინღა ხარ?
„ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით ,უმჯობესია ისევ  ჩვენ ვმართოთო,ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ ...ისინი კი ეს ხალხი.... „აუ გრუზინებიო“ , ჯიმშერს აგინებ ?
მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში?
ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“  კრახით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია.
ა შენ ჩამოკიდე წარწერა...
„საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი.წყარო: მსოფლიო ბანკი“?!
ერიჰა.....
 მე ვთქვი რა ხდება ,საიდან მოვიდა ეს  ჯეკი-თქო.
უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ.
 სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ,რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი ,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან. 
არაფერი  ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას , ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები.
ძლიერი ხარ შე ოხერო კიდევ,ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია ,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი  განდევნა  შოკით შეუძლებელია,შევიცვლებით? თავისით წავხვალ  და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი  სახეებია ......სხვა არაფერი
იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც  შეძლებს
ნაკლები პატივისცემით:
ალოანთ ლაშა

Friday, November 12, 2010

 სახლში  ერთ ძველ კასეტას მივაკვლიე და წარსულმა  გamitac.  საერთოდ  ჩანაწერებში  ეს მომენტი საკმაოდ ზედმეტადაც კი  წარმოვაჩინე,მაგრამ  ბუნებრივიცაა ....    გარდასულის გახსენება ხშირად აწმყოში საკუთარი ფუნქციის გაცნობიერებაში გვეხმარება.გაკვეთილი შესაძლოა ნაკლებად გამოგვაქვს ,მაგრამ მაინც სასიამუვნოა ,ცოტა სევდიანიც.

კასეტის დასაწყისი "ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატების" კონფერენციით იწყება.თავის დროზე გაზეთის მოსამზადებლად გადმოვიწერე .

ედეპეში სამი წელი გავატარე  და არ მიკვირს,რომ იქაურობა მეხსიერებაში  დაილექა. დიდი ხანია ამაზე ნაკლებად ვფიქრობ,თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობია-რაც დრო გადის.....კარგი მეტი მახსენდება,ვიდრე ცუდი...იშვიათად, მაგრამ მაინც .ცხადია

პარტიიდან  წამოსვლის შემდეგ კობასთან  და ნინოსთან ერთად "დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა " გავაკეთეთ .  ჩვენს გვერდით სხვებიც იყვნენ ,მაგრამ ერთად ბოლომდე ჩვენ სამნი დავრჩით.
სამწუხაროდ ნინო  ცოცხალი აღარაა . უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა .

 არ მინდა ნეკროლოგი დავწერო . ერთს ვიტყვი-ერთერთი საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო, ვისაც ოდესმე შევხედრილვარ  ქართლური პირდაპირობით, საქმის კეთების სიყვარულით .
 გული დაგვწყვიტა მისმა გარდაცვალებამ,თუმცა ცხოვრება ყველას გვაჩვევს მწარე სიურპრიზებს.
ეს საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ფრაგმენტებია:






მონტაჟიც არ გამიკეთებია, ისე ავტვირთე .
მარტო ფეხბურთი? ათეულობით პოეზის საღამო, შემოქმედებითი შეხვედრები, გამოფენათა სერია , სადისკუსიო კლუბი ,სადაც აქტუალური თემები განიხილებოდა . ათეულობით ცოტაა :D  მგონი მეტი ,თან ეს ყველაფერი საკუთარი  სახსრებით ან ენერგიით.დღევანდელი გადასახედიდან ფანტასტიური რეზულტატია . არა მგონია  ჩვენი რეკორდი ვინმემ მოხსნას . ასეთ ენთუზიაზმს ბევრი სიგიჟეში ჩაგვითვლის. ასეთები ვიყავით-მონდომებული , გულანთებულები.
შედეგი ? საქმე ვისწავლეთ, ორგანიზაციული სირთულეების გადალახვა .ეს მე ძალიან დამეხმარა . გვეხალისებოდა,ვაკეთებდით, რაც გვსურდა ,თუმცა ნელნელა ასაკმა თავისი ქნა. ჩვენ ჩვენი სამსახური ვიპოვეთ .  გარკვეული  სერიოზული პროექტები შემდეგშიც განვახორციელეთ...ცალცალკე თუ ერთად.

კასეტაში ერთი საათი მარტო ტელევიზიით ჩვენზე გაშუქებული  სიუჟეტებია .ერთ საიდუმლოებასაც გაგიმხელთ-თუ პარტიაში თავის პოვნა გამიჭირდა, სტუდენტური ორგანიზაციის პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენეთ, ტკბილად დაბერდა  ის ეტაპი  -
ბროწეულაში მატარებელზე შეხტომა , ბათუმში სამარშუტო ტაქსში ძილი , ზოგი ბიუროკრატის გაუგებარი  ისტერიის  და ეჭვის თანხლებით....
ამასობაში  კი  კასეტაც დამთავრდა და აწმყოში ვარ . კეთილი იყოს ჩემი ფეხი მიწიერ  სალხინებელში. :D

Tuesday, October 26, 2010

"ფირმები " თუ მოკვდავი ადამიანები

                                             
 „ფირმები“- ამ ჟარგონით ხშირად  მოიხსენებდნენ დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საბჭოთა საქართველოში.

 სოვიეთ ქართველისთვის ის იყო განსხვავებული პლანეტიდან ,სადაც გაცილებით ლამაზად აქვთ ქალაქები მოწყობილი , ხოლო ცათამბჯენები კი ლამის მზეს წვდება.
მაშინდელი ჯინსებში გამოწკეპილი მოზარდი ტურისტის შორტებზე   გადაიხარხარებდა, მაგრამ აუცილებლად იამაყებდა იმით , თუ მოახერხებდა და იქაური მოდის ტანსაცმელს საიდანმე ჩაიგდებდა ხელთ .

საღამოს კი, ქალაქის მეორე ბოლოდან მეგობართან  საყურებლად ახალ კინოს აიტანდა  .
კინოზე გამახსენდა ......
აბა გადავხედოთ ქართულ ფილმებს ....
ჩვენებურებისა  და უცხოელების შეხვედრის სცენები შეზავებულია უცნაურ ელემენტებთან, უცხოელი იდუმალ სამყაროში მოდის, სადაც ჯორჯიელი გლეხი კახური ღვინოთი ათრობს . „ვერი გუდ“- წამოცდება მადლიერს და სამუდამოდ საქართველოს გულშემატკივარი ხდება .

თუმცა ....
.ქართველი ფეხბურთის თამაშისას მათთან მარცხდება, თხილამურებითაც შეჯიბრში ფეხებს  იმტვრევს ,მაგრამ ესეც გარდაუვალია ,რადგანაც  ისინი ჩვენზე წინ არიან წასულები.
ამ ფრაგმენტებში ქვეცნობიერად  ანტისაბჭოური სულისკვეთება ამოიკითხება . ქართული ოცნებაა გაარღვიოს არსებული კედელი და ოკუპანტების  დაწესებული საზღვრები.
 გადის წლები .
 ლედი კარატით ეკრანზე შემოჭრილი „ილუზიონი“სა  და „ეს ესტრადაა“ ს გადაცემების ყურებით შეთამამებული ქართველი ქაქუცას სურათს მიიტანს მიტინგზე. მას სჯერა ძია სემი უყურადღებოდ არ დატოვებს ,რადგანაც იმსახურებს მეტ  თავისუფლებას და გამოცდილი  უცხოელი  ამით დაინტერესდება,
            
მაგრამ ილუზიების მსხვრევა და დასავლეთის აკრძალული ვაშლის გაცნობის  პროცესი პარალელურად მიმდინარეობს
კინოპერსონაჟი განსხვდება რეალური “ ფირმისაგან“.შესაძლოა მას მწვადი არ მოეწონოს და ვეგეტერიანელი აღმოჩნდეს
ან საერთოდ ჩამოვიდეს ,ქართული ისწავლოს და ჯორჯ ჰიუტად იქცეს დიდ ბრიტანეთში....
 იქნებ ყურში საერთოდ არ  ხვდება ნაციონალისტური  ყოყლოჩინობა , დინების საწინააღმდეგო ცურვად   მიიჩნიოს  საქართველოს პრეზიდენტის სვლები  და  ინერტულობით  რუსეთს ნება დართოს  ზვიადის ზიზღისგან გაბრუებული „მამულიშვილების“ ხელით მოახდინოს ნომენკლატურული რევანში საქართველოში.....
 „ფირმები“ უცხოელ პარტნიორებად,ტურისტებად, ელჩებად   იქცნენ ,მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში  გადავიდა საცხოვრებლად ან „დეპორტაციამდე“ მაინც მოინახულა ედემი  ,   მაგრამ  შეფასებისას კვლავაც დაგვკრავს პროვინციული ინტონაციები . ველით რაღაც იდუმალს მათგან , გვინდა არჩევნები ჩაგვიტარონ, დემოკრატია მოგვიწესრიგონ, ომი მოგვაგებინონ და ხშირად უცნაურად ვიბუზებით ეს ყოველივე რომ არ „გვაღირსეს“
დღემდე დასავლეთს ვერ აღვიქვავთ ადეკვატურად- უცხოელები  ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან ,როგორც ჩვენ . მათი კულტურა ,შოუბიზნესი და მიღწევები  აშენებულია ორფეხიანი არსებების მიერ და სულაც არაა ზღაპარი მათი გამოცდილება შეერწყას ადგილზე არსებულ ღირებული ტრადიციების ფუნდამენტს  ანუ ჩვენც შევძლოთ გლობალურ სამყაროში ჩვენი პატარა ადგილი დავიკავოთ .
საბოლოო ჯამში  ახალი საქართველო ძველისა და შემოსული კულტურების  მუდმივი კონკურენციის პოლიგონი უნდა იყოს. უცხოელების მიერ იმპორტირებული ელემენტები ფასეული მაშინ იქნება ,თუ მოახერხებს და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს არსებულ პირობებთან ადაპტაციის შემთხვევაში, აი ტრადიციები კი მაშინაა ნამდვილად ნაციონალური ხასიათის მატარებელი ,რამდენადაც შეძლებს  თავისი უნივერსალურობა დროსა და სივრცეში  შეინახოს,მაგრამ  ბუნებრივი განვითარების კანონით და არა ხელოვნურად დაგებული ახალი კედლების მეშვეობით.
  უკიდურესობებია აღმატებითი თუ სოროსფობიური დამოკიდებულებანი მთლიანად დასავლეთისადმი, კალაპოტში სასურველია მოექცეს ჩვენი ემოციები . ზემოლოდინი ზეიმედგაცრუებას იწვევს და სულაც არ უნდა დაგვბოღმოს ,თუ უცხოელმა ღვინო დაგვიწუნა ან თუ შეცდომებს უშვებს შეფასებებისას.
ამ მითოლოგიის ორივე უკიდურესობა ( „ სნობური ფსევდოპროდასავლურობა“ და „სოროსოფობია“ ) მონეტის ორი მხარეა, იარსებონ , საჭიროც კია მათი წრიოხი ,მაგრამ  საბოლოო ჯამში  ნებისმიერი მსოფლმხედველობა მხოლოდ შენაკადია ,რომელიც ზემოქმედებს კალაპოტის დონეზე.

უცხოელებთან ხშირი კონტაქტი კი დაკვირვების საშუალებას იძლევა .ასე რომ ...წინ.....
ჰო კიდევ ერთი -  რუსთან დღემდე არსებული კულტურული კავშირი  გამოწვეულია ურთიერთობათა ხანგრძლივი დროით. აი სამყაროს დანარჩენ ნაწილთან კი არსებობს ზღვარი , კომპლექსები, სტერეოტიპები.
მე ზუსტად ამ რაკურსიდან ვაფასებ პრეზიდენტის ინიციატივას ჩამოეყვანა საქართველოში პედაგოგთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ინგლისურის მასწავლებლებად რამდენად გამოდგებიან ვერ გეტყვით ,მაგრამ როდესაც პერიფერიულ  დასახლებულ პუნქტებშიც მიეჩვევიან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას,ენას გაიტეხენ  , ეს  დანახარჯად ღირს .
„ფირმები“ აღარ არიან ეგზოტიკული არსებები, შორტები ჩვენც ჩავიცვით ,ზოგმა ბლანჟეც გაიკეთა და უკვე აღარავის უკვირს. შემდეგი ეტაპი მათთან გაშინაურება უნდა იყოს , მათი ბუნებრივი აღქმა და ახალი სტიგმების თავიდან აცილებაც.
მთავარი მიზანი კი საკუტარი თავების განვითარებაა  . გარე სამყარო ამაში უნდა დავიხმაროთ. ტელევიზიით  ჭღრპღრ ევროპული ფონდების გამოკითხვებით ხალხის მოწამვლა ისეთივე უმსგავსო საქციელია, როგორც ეროვნული და რელიგიური დემაგოგიის ქვეშ გახვეული რუსული ბუასადმი მოწიწების აპოლოგია.
ეჰ, ვითარცა დიდი პლაკატი იტყოდა , რომელიც უკვე მეხსიერებაში თუ შემოგვრჩა: ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ;)

Wednesday, July 28, 2010

ჰომო პერესტროიკუსის აღსარება


                                                          ბანალური დასაწყისია.....

სკოლა , პიონერის ფიცი,რომელიც არავის არ გვწამდა. ჯვრის ტარებით გაღიზიანებული პედაგოგები და ამით განცვიფრებული ბავშვური გულუბყვილობა.

ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან სხვა ცხოვრებაზე გვიყვებოდა ,ხოლო აქ კი სკოლაში ლობიოს ტალონებს გვირიგებდნენ.

გვასმენინებდნენ ლევ ლეშჩენკოს ,ჩვენ კი ქუინის მელოდიები უფრო მოგვწონდა.....

გვთხოვდნენ წითელი ჰალსტუხის გაკეთებას ,არადა რემბო გვერჩივნა კოშევოის მთელ გვარდიას....

"მონანიებას" ჩუმად ვუცქერდით და კარებთან ერთი უფროსთაგანი აკვრდებოდა საეჭვო ნაბიჯებს.....
საშიშროება იყო, კედლებსაც კი ყურები ჰქონდა,თან დიიიდი.

ია ნინიძეს შიშველი სხეული გვიზიდავდა თუ აკრძალული ხილის ეფექტი ვერ გეტყვით,მაგრამ მთავარია საბჭოთა სტიგმები აშკარად გვაფრთხობდა და სტაკანჩიკის ფონზე აკრძალული ჰოთდოგის დაგემოვნებას ვლამობდით.

ცხონებული ბაბუა კი ყურში ჩაგვჩურჩულებდა -ნუ გეშინიათ შვილებო!!! "ამათ" მალე ბოლო მოეღებათო...თქვენი თაობა მოესწრება....მე ....

უნდოდა სხვა საქართველო ....ლელთ ღუნიას გორისა იყო მაინც.

ერთხელაც რუსთაველზე ბიძიები და დეიდები სამიტინგოდ გამოვიდნენ . ვიღაც ულვაშიანი კაცის სურათი ეჭირათ და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ.
საშუალო ასაკს გადაცილებული,რიხიანი ტემბრით მოსაუბრე,სიმპათიური ტიპი იდგა მიკროფონთან......ეს ზვიადია, კონსტანტინეს შვილი......მოგვესმა ჩურჩული.....
ვაჰ, ნახე ბაბუა არ ცდებოდა..... თურმე კომუნისტების წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება,დაუმარცხებელნი არ ყოფილან ........გაიფიქრა ბავშურმა ჭკუამ და შინდისფერ შავთეთრდროშიანი პატარა, უხარისხო სამკერდე ნიშანი დემონსტრაციულად გავიკეთე.მეზიზღებოდა პიონერის ჰალტუხზე მიჯაჭვული უსახო სტერეოტიპები.გულწრფელი პროტესტი გამოვხატე ყმაწვილური გონებით....

ვიგრძენით თავისუფლების სული სადღაც ახლოს იყო, კომუნისტური უგემოვნების აგონიის დრო დამდგარიყო.

ვისაც სიმღერა შეეძლო, "შავლეგო" ისწავლა,რობაქიძე და ნიცშეს წიგნები ჩვენს მაგიდაზე დასახლდნენ ,ჩვენ ისეთი საქართველო გვინდოდა,როგორი ცხოვრებაც სხვაგან შორეულ ჰორიზონტზე გვეგულებოდა წითელი 1/6ს იქით...

სასიამუვნო იყო ახალი ჰაერის შეგრძნება,მაგრამ საშიში და გამოუცნობი....

სასწრაფოდ სოფელში წამიყვანეს.შარიანი ვიყავი და მომაშორეს მოვლენათა ეპიცენტრს.....

უკანდაბრუნებულს კი შავი დროშები დაგვხდა ქალაქში.

საოცარი შეგრძნება ჰქონდა ნაციონალურ პროტესტს.უხმო,რაღაც იდუმალი.ასეთი, მხოლოდ საპირისპირო 13 მაისს ვიგრძენი,როცა დინამომ თასები აიღო....... მათ აერთიანებდათ საერთო ენერგია ამაღლებული მტკიცე ,ქედმოუხრელი.....

ქვეყანა ერთ დღეში შეიცვალა. კომუნისტების გაგონება აღარავის სურდა. ყველა ელოდებოდა ქვეყნის განთავისუფლებას, თუმცა მოვლენებმა სხვა სახე მიიღო.სადღაც გაქრა აპრილის მცხუნვარება და ძალიან ბანალური ინტრიგების სახით გამოგვეცხადა . ხელისუფლება არ იბრძოდა, ოპოზიცია ერთმანეთს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რა უნდოდა. მიტინგთუხუცესები 100 კაცის წინაშე მორიგ სისულელეს როშავდნენ , ხოლო სკოლაში უკვე აღარ ვმღეროდით შავლეგოს.უბრალოდ ვატყობდით ბავშვობა გვშორდებოდა.დანების ტრიალი უფრო მოდური გახდა...

დაპირისპირებები, ომი , დაძაბული სახეები და ვისღა ახსოვდა რა იყო 2-3 წლის წინ?!

განვიცადეთ მეტამორფოზა, გავბოროტდით.

"გაიგე ის ბიჭი მოკლეს ერთი კვირის წინ ავტობუსში რომ ვნახეთ"...აუ მართლა? საწყალი...უი მაგას არ აბრალებდნენ "იმის" მოკვლას? ჰო , ეტყობა "სასტავი დაადგა" და....
დღემდე მტკივა ჩემი ბავშვობა . ისიც მოკლეს ნაადრევად, დაუნდობლად. დენთის სუნით ააყროლეს და ვინც მთელი გულით მიყვარდა ჩემთვის უცხო ადამიანებად აქცია დროებამ. მტკივა , მტკივა, რადგანაც ბევრ მათგანს ცივად გამოვემშვიდობე . უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო .მე ჩვეულობრივი,პატიოსანი სტუდენტის ცხოვრება ავირჩიე, მათ კი საძმოები საზარბაზნე ხორცით შეავსეს. წყალგამყოფი თავისით შეიქმნა,არც გვიჩხუბია, პატარა გაუგებრობაც კი არ მომხდარა. არ მსიამუვნებდა "რაღაც" და გავშორდი,მაგრამ ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვა .
დრო გავიდა და მნიშვნელოვანწილად ჩარეცხა ტკივილი,თუმცა ნალექები დარჩა და ეს თითოეული ჩვენთაგანის ხვედრია.

ჩვენ იმ დროების მსხვერპლნი ვართ,რომელიც პუტჩის ინიციატორებმა დაგეგმეს და შედეგიც მიიღეს.

გავიზარდეთ, წარმოდგენები გადაგვისხვაფერდა , პიროვნული იმუნიტეტი გაძლიერდა გარე ბოროტებებისადმი ,მაგრამ არ იცვლებოდა არაფერი გარშემო...მხოლოდ დრო გადიოდა ....

2003 წლის რევოლუციას სოფელში შევხდი. არ მესიმპათიურებოდა ტრიუმვირატი,მაგრამ სასაიხარული გახლდათ რომ ხალხში იმედი გაჩნდა, გაიღიმა ქალაქმაც ,მაგრამ მალე ყველაფერი ძველებურ დროს დაუბრუნდა... მღვრიე სახეები ჩვეულობრივ პოზად იქცა და შევამჩნიეთ არც არაფერი შეუცვლიათ "დიდ რევოლუციონერებს "

დღეს სარკეში შუა ხნის მამაკაცი მიყურებს ,რომელსაც წაართვეს ბავშვობაც და ახალგაზრდობაც, რომელიც დღემდე ერთგულია იმ იდეალებისა ,რისიც "ულვაშიანი კაცის " დანახვისას ინსტინქტურად იწამა ,მაგრამ ილუზიების მსხრევა ყველაზე მეტად მასაც ესაჭიროება.

არერთხელ აგვიწონესთავისუფლება , ჩამოგვისხეს ის "ეროვნულობის" ყალიბში, შემდეგ სულ დაამსხვრიეს და სუნთქვაც დაგვამადლეს(ბევრი მეგობარი და ახლო ნათესავი ხომ აღარც სუნთქავს ) , ჩადეს ვარდებიან ქოთანში ....

არადა ყველაფერი რა ბანალურია?! ადამიანს თავი თვითონ უნდა ეკუთვნოდეს და თავისუფლება შინაგანი განწყობილებაა, რომელიც უფლებაცაა და მოვალეობაც .

მენატრება ბავშვური შავლეგო .ყველაზე ძლიერი, ქმედითი და გულწრფელი ემოცია მტრის წინააღმდეგ , ის სამფეროვანი დროშის "ზნაჩოკიც" მინდა ისევე გავიკეთოთ ,თუნდაც ახალი დროშის ფერებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ კვლავ ცურვას განვაგრძობთ უსახო წარსულიდან ცივილურ ქვეყნამდე. დღეს ჩვენი გემი დამუხრუჭებულია. უმსგავსო რეჟიმი რიტორიკით გვაბოლებს თითქოს მართლა სადღაც მივდივართ , სინამდვილეში კი უკან წარსულისაკენ ვიწევთ.ახალი თაობა ჩვენებურ კომსომოლებს ქმნის , ვრემია რეინკარნიზირებულია "ეროვნული " სახით ,მაგრამ

მჯერა იმ ნაპირზე უნდა გადავიდეთ თუნდაც იმ დაღუპული შავლეგოს მომღერალი ბიჭების სახელით. უკან არავის უნდა მიუეცეს ჩვენი მოტრიალების შესაძლებლობა არც ხელისუფლებას და არც კრემლში მტერთან კუდის მოქიცინე უზნეო პოლიტიკანებს.

არავის უნდა მიეცეს ჩვენი თავის მართვის უფლება. ეს ძირითადში ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნარზე არ დავუშვათ ახალი კატაკლიზმები და ჩავრეცხოთ ჩასარეცხი.
მხოლოდ ამაყ, პესიმიზმისგან განთავისუფლებულ სოციალურ ერთობას ანუ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს.

ეს შესაძლებელია და ზუსტად ამირტომაც არ უნდა ჩავიკეტოთ პარტიული, ხელოვნური ტრადიციების თუ უბრალოდ შიშის სტერეოტიპების მორევში.
დავფიქრდეთ და დროა შეწყვეტილი შავლეგოს ნოტები გავაცოცოცხლოთ....
საუბარი არაა მის ტექსტზე ,არამედ თავისუფლების სწრაფვის მუხტზე ,რომელიც ჩვენივე სიბრიყვით 89 წლის აპრილში დავკარგეთ .ჩვენ დავთმეთ და არა წაგვართვეს.
* * *
PS ავტორი უცნობია,რადგანაც შეიძლება ერთის აზრს არ გამოხატავდეს
ისე ჩემი დაწერილია...
განხილვა ქართულ ფორუმებში:
http://planeta.ge/index.php?showtopic=17484
http://forum.ge/?f=29&showtopic=34093922

დავბრუნდი ბლოგურ სამყაროში


1 წლის წინ გავხსენი ეს ბლოგი, მაგრამ შემდეგ თითქმის არც გამხსენებია. ფორუმებზე ჩემივე სიგნაჩამ გამახსენა მისი არსებობა. იყოს რა....პურს მთხოვს თუ წყალს.
ვერ შეგპირდებით ყოველდღიურ განახლებას. მომინდება დავწერ , არ მომინდება და იქნება თავისთვის.
მოკლედ, ხელმეორედ მოგესალმებით .

ლევან ტაბატაძე

დავაპიარებ კიდებ  ერთი ჩემი მეგობრის ნამუშევრებს. :D.დაწვრილებით  იხილეთ:
http://planeta.ge/index.php?showtopic=15351

თაზოს ვიდოები

რამდენიმე წლის წინ მეგობარმა გააკეთა ეს ვიდეოები, როცა კომპიუტერი ახალი ნაყიდი ჰქონდა.გაითვალისწინეთ დამწყების ნამუშევარია და მგონი ცუდი არ გამოუვიდა.იდოს ჩემს ბლოგზეც.